„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი გააგრძელებს კარიერას 2020 წელს. მისი პირველი სტარტი მომავალ წელს იქნება – ოკლენდის International-ის კატეგორიის ტურნირი, რომელიც იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის წინ გაიმართება.
„ძალიან მინდა ტიტულის მოგება ოკლენდში. წინა ჯერზე არ ვიყავი მზად, მაგრამ შესანიშნავი მოგონებები დამრჩა. მინდა ახალი შთაბეჭდილებები დავაგროვო“, – მოჰყავს ამერიკელი ჩოგბურთელის სიტყვები ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს.
ამჟამად, სერენა უილიამსი 37 წლისაა. 2018 წელს, ტურში დაბრუნების შემდეგ, მას ჯერ არც ერთი ტიტული არ მოუგია, თუმცა, „დიდი სლემის“ ტურნირების სამ ფინალში ითამაშა.