სერჟ სარგსიანი ილია მეორეს - მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეზობლები, ჩვენ ვართ ძმები
მადლობას გიხდით სომეხი ერის სახელით ლოცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ორი ერის მეგობრობისთვის – ასე მიმართა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვედრისას.
„ძალიან მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ ინტრონიზაციის 40 წლის იუბილე და კიდევ ერთხელ ავღნიშნო თქვენ მიერ 40 წლის განმავლობაში გაწეული უდიდესი სამუშაო. მადლობას გიხდით სომეხი ერის სახელით ლოცვისთვის, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ორი ერის მეგობრობისთვის.
მე მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ მეზობლები, ჩვენ ვართ ძმები, გვაკავშირებს ათასობით წლის მეგობრობა და მადლობა ღმერთს, ამ წლების განმავლობაში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც შეეძლო ჩვენი ურთიერთობის დარღვევა.
ჩვენ აუცილებლად ასე უნდა გავაგრძელოთ, ამ ისტორიულ საფუძვლებზე. ჩვენი სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ღრმავდება და გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.
სერჟ სარგსიანი საპატრიარქოში მეუღლესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება.
შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე და სხვა სასულიერო პირები ესწრებიან.