ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების სეზონი სტარტს 22 დეკემბერს აიღებს. მანამდე კი გუნდებში საკადრო ცვლილებებია. ლიგაში უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სვლა. კრის პოლი მომავალი სეზონიდან „ფინიქსის“ ღირსებას დაიცავს. დენის შროდერი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდა. მოქმედი ჩემპიონის გუნდის წევრი გახდა ასევე მონტრეზლ ჰარელი.
The Athletic-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ სერჟ იბაკამ ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ მოილაპარაკა. ეს ლოგიკური სვლაა, რადგან „კლიპერსმა“ დაკარგა მონტრეზლ ჰარელი და მაღალი კალათბურთელის შეძენა გუნდისთვის აუცილებელი იყო.
ადრიან ვოჟნაროვსკი გარიგების დეტალებსაც ახმაურებს. ჟურნალისტის თქმით, იბაკამ ლოს-ანჯელესურ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამ დროის მანძილზე ის 19 მილიონ დოლარს მიიღებს.
სერჟ იბაკა „ტორონტოში“ გასულ სეზონში მატჩში საშუალოდ 15.4 ქულასა და 8.2 მოხსნას აგროვებდა.