საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა მოწერეს ხელი. დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები სერბეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.
ამასთან, სერბეთის საგარეო უწყება შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კოსოვოს არაღიარებისთვის.
აღინიშნა, რომ საქართველო ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგალითად, იუნესკოში კოსოვოს გაწევრიანების წინააღმდეგი იყო.
ბელგრადში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე უკვე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.