სერბეთში უკრაინის საელჩოში აცხადებენ, რომ სერბეთის ოფიციალური პირები მაიდანზე განვითარებული მოვლენებისთვის ნეგატიური შეფასების მიცემას ცდილობენ
სერბეთში უკრაინის საელჩოში აცხადებენ, რომ სერბეთის ოფიციალური პირები უკრაინაში მაიდანზე განვითარებული მოვლენების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ახდენენ.
მანამდე, სერბი მაღალჩინოსნების ნაწილმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს, მაიდანზე განვითარებულ მოვლენებს შეადარა.
სერბეთში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სერბეთის ოფიციალური პირები მაიდანზე განვითარებული მოვლენებისთვის ნეგატიური შეფასების მიცემას ცდილობენ“.
„უკრაინის საელჩო მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის ისტორიის დამახინჯების მცდელობებს, განსაკუთრებით კი, უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას. სერბეთის ისტორიაში საკმარისად იყო რევოლუციები, რომლებიც შეიძლება, იქცეს სერბი პოლიტიკოსების, მედიის და საზოგადოების განხილვის საგნად. პირველ ან მეორე მაიდნის დაგმობა, სერბეთის პირველი ან მეორე აჯანყების დაგმობის ტოლფასია, რომებიც ასევე წარმოადგნენ სერბი ხალხის ღირსების რევოლუციას, რომლებმაც სერბეთის სახელმწიფო ფერფლიდან აღადგინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 24 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა ნაწილი ბელგრადის საკრებულოში შეჭრას შეეცადა, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. დააკავეს 40-მდე ადამიანი. ოპოზიციის მიტინგები სერბეთის დედაქალაქში უკვე ორ კვირაზე მეტია, გრძელდება. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
ჟურნალისტების კითხვაზე – ეთანხმება თუ არა ის ბელგრადში განვითარებული მოვლენების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის შეფასებას, რომ „დასაველთი სერბეთში ახალი მაიდნის მოწყობას აპირებს“, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა უპასუხა, რომ „არ იცის, სხვა რა უნდა უწოდოს მომხდარს“. ასევე ბელგრადის მერმა განაცხადა, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციები „მაიდანიზაციას“ წარმოადგენს.