სერბეთში სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან მის თვითმფრინავს სამმა ქვეყანამ საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა
სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. რუსი დიპლომატისთვის ფრენის აკრძალვა ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ დააწესეს.
ბალკანეთის ქვეყნების გადაწყვეტილების კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ „რუსულ დიპლომატიას ტელეპორტაცია ჯერ არ აქვს ათვისებული“.
სერბეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ფართო სანქციებს. ევროპის მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, სერბეთი დიდწილად დამოკიდებულია რუსულ გაზზე. სერგეი ლავროვს ბელგრადში მოლაპარაკებები პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან უნდა გაემართა.