სერბეთში, პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების გადადგომის მოთხოვნით, მორიგი აქცია გაიმართა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საპროტესტო აქციები გრძელდება.
როგორც „როიტერი“ წერს, ბელგრადში ათიათასობით დემონსტრანტმა მთავარი გზატკეცილი გადაკეტა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის წევრების გადადგომას, რომლებიც, მათი თქმით, დამნაშავეები იყვნენ 3 და 4 მაისს 18 ადამიანის მკვლელობაში.
„ვუჩიჩი გარეთ!“ – სკანდირებდნენ პროტესტის მონაწილეები და ითხოვდნენ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას.
სერბეთის პრეზიდენტთან ერთად, დემონსტრანტები ითხოვდნენ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავ გაშიჩის და საიდუმლო სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ვულინის გადადგომას, რომელთაც ბელგრადში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაში ადანაშაულებენ.
მანამდე სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ მზად არის, თანამდებობის დასატოვებლად, თუ პრეზიდენტი ამის უფლებას მისცემს.