სერბეთში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვდნენ.
ეს რიგით მეოთხე საპროტესტო აქციაა, რომელიც ბელგრადში უქმე დღეებში გაიმართა. აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმების შეწყვეტას ითხოვს და მმართველ პარტიას კორუფციაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციებში 30-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის წევრები მონაწილეობდნენ.
აქციის პარალელურად, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ოპონენტების მოთხოვნებზე დიალოგი დაიწყოს. ვუჩიჩი აცხადებს, რომ ის მზადაა ვადამდელი არჩევნებიც დანიშნოს, თუმცა აქციის მონაწილეთა თქმით, არჩევნების გამართვა იმ კანონმდებლობით და იმ პირობებში, რომელიც დღეს სერბეთშია შექმნილი აზრს კარგავს.