სერბეთში პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევიდან 100 დღის თავზე სტუდენტებმა აქცია გამართეს და ავტომაგისტრალები გადაკეტეს
სერბეთში სტუდენტებმა პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევიდან 100 დღის გასვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს და ავტომაგისტრალები გადაკეტეს.
მოქალაქეები მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რა დროსაც ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანი იმსხვერპლა.
სერბეთის უნივერსიტეტების გაფიცულმა სტუდენტებმა დედაქალაქში, ბელგრადში საკვანძო ხიდი და ქალაქში შესასვლელი გზატკეცილები გადაკეტეს.
მოქალაქეებს ეჭირათ ბანერები წარწერით: „100 დღე გავიდა და არავინ აგო პასუხი“. ამასთან, მოქალაქეებს ჰქონდათ ბანერები, რომლებზეც დაღუპული ადამიანების სახელები ეწერა. დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყეს, ხოლო შემდეგ მდინარე სავაში 15 თეთრი ვარდი ჩაყარეს, რომლებიც წითლად იყო შეღებილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული. მმართველი კოალიცია ბრალდებას უარყოფს.