სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს
სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია 17 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ათასობით ადამიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. დემონსტრანტები ასევე ითხოვენ, რომ წინა მიტინგების დროს დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს. დემონსტრაციები ბელგრადში უკვე მეცხრე დღეა, გრძელდება. 24 დეკემბერს დემონსტრანტების ნაწილი ბელგრადის საკრებულოში შეჭრას შეეცადა, რა დროსაც მოხდა პოლიციასთან შეტაკება. დაშავდა რამდენიმე აქტივისტი და პოლიციელი. დააკავეს 40-მდე ადამიანი. ქვეყნის ხელისუფლებამ მომხდარში „გარე ძალები“ დაადანაშაულეს.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს გამართული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, 46%-ზე მეტი მმართველმა პროგრესულმა პარტიამ მიიღო და ძალაუფლება შეინარჩუნა. ოპოზიციური პარტიების ალიანსი „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა ამ მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.