სერბეთში დღეს ხელახალი არჩევნები 30 საარჩევნო უბანზე იმართება, მათგან სამი – დედაქალაქ ბელგრადში, – ამის შესახებ სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTS წერს.
როგორც მედია წერს, განმეორებითი არჩევნები იმ უბნებზე მიმდინარეობს, სადაც 17 დეკემბერს კენჭისყრის შედეგების დადგენა ვერ მოხერხდა და გამოვლენილი პრობლემების გამო შედეგები გაუქმდა.
აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის უფლება 19 500-მდე ამომრჩეველს აქვს.
ხმის მიცემა 07:00 საათიდან 20:00 საათამდეა შესაძლებელი.
ამასთან, ღამით სტუდენტებმა ბელგრადის ქუჩებში საპროტესტო აქცია გამართეს და კარვები გაშალეს. მათ განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. სტუდენტები საარჩევნო სიების გახსნას ითხოვენ.
ცნობისთვის, 17 დეკემბერს გამართულ არჩევნებში სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ კი მეორე ადგილი დაიკავა. „პროგრესული პარტია“ და მისი ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთს 2012 წლიდან მართავენ.
ოპოზიციურმა ალიანსმა ბელგრადის საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევების შესახებ განაცხადა, ხოლო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რის გამოც დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.