სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები განაახლეს
სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები განაახლეს. როგორც სერბეთის სამაუწყებლო კომპანია РТС იუწყება, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ბრიუსელში კოსოვოს ლიდერთან ჰაშიმ ტაჩისთან მოლაპარაკებები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მონაწილეობით გამართა.
ვუჩიჩის განცხადებით, მხარეებმა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება უზურნველყოფილი იყოს.
„ოპტიმისტი არ ვარ, თუმცა ჩვენ დავიწყეთ იმ საკითხების განხილვა, რომლებსაც მე ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ“, – განაცხადა ვუჩიჩმა. მისი თქმით, ის მოსახლეობას მიმართავს, როდესაც კომპრომისული გადაწყვეტილების პერსპექტივას დაინახავს. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, საბოლოო შეთანხმებას მოსახლეობის გადაწყვეტილების გარეშე ხელს არ მოაწერს.
თავის მხრივ, ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეეხო ისეთი საბოლოო შეთანხმების მიღწევის მცდელობას, რომელიც მისაღები იქნება როგორც კოსოვოსთვის, ისე სერბეთისთვის.
„ეს რთული შეხვედრა იყო, არა მარტივი, მაგრამ დადებითია, რომ ჩვენ მომავლისკენ ვიხედებით ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ კოსოვოსა და სერბეთს სორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევა ორივე ქვეყნისა და მთელი რეგიონის ინტერესებში შედის“, – განაცხადა ტაჩიმ.
ევროკავშირი სერბეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2014 წლიდან აწარმოებს, თუმცა ევროკავშირში გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა რეფორმებთან ერთად, ტერიტორიული დავის დარეგულირებაა.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.