სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვარზე, მდინარეში ცხრა მიგრანტი დაიხრჩო
სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საზღვარზე, მდინარე დრინაში ცხრა მიგრანტი დაიხრჩო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიგრანტები მდინარის გადალახვას ცდილობდნენ, როდესაც მათი ნავი ამოტრიალდა. ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე, 18-მა გადარჩენილმა, რომელთა შორის სამი ბავშვია, ბოსნიის სანაპირომდე მიღწევა შეძლო. სამაშველო ჯგუფები ორივე ქვეყნიდან მდინარეში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.
ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ეძებენ ასევე კონტრაბანდისტს, რომელსაც მიგრანტები საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა.
სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა ქალაქ ლუბოვიასთან მოხდა. პოლიციაში ამბობენ, რომ მიგრანტების უმრავლესობა მაროკოდან იყო.
სერბეთი და ბოსნია ევროკავშირამდე მისაღწევად დასავლეთ ბალკანეთზე გამავალი მიგრაციული მარშრუტის მთავარი სატრანზიტო ქვეყნები არიან.