სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოსოვო და ალბანეთი ბალკანეთზე ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა კოსოვო და ალბანეთი ბალკანეთზე ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
ივიცა დაჩიჩმა კოსოვოს და ალბანეთის მიერ რეგიონული კონფერენციის ბოიკოტირება დაგმო და აღნიშნა, რომ მხარეები საგარეო პოლიტიკის კოორდინირებას ახდენენ, რომლის საბოლოო ამოცანა საერთო სახელმწიფოს შექმნაა.
სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სამიტზე თქვა, რომ კონფერენციის ბოიკოტი ალბანეთის და კოსოვოს „დიდი ალბანეთი“ შექმნის სტრატეგიის ნაწილია.
კოსოვოში და ალბანეთში ამბობენ, რომ სარაევოში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების სამიტში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, რადგან კოსოვო სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით მიწვეული არ ყოფილა.
გასულ კვირას, ალბანეთის და კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო პოლიტიკის გაერთიანების და კოორდინაციის მიზნით შეთანხმება გააფორმეს.
„წარმოიდგინეთ, სერბეთს რომ მსგავსი შეთანხმება სერბთა რესპუბლიკასთან გაეფორმებინა, სავარაუდოდ, მთელი მსოფლიო დაგმობდა ამას. თუმცა აქ, კოსოვოს შემთხვევაში, ისინი ამბობენ: „კარგი, არაფერი სერიოზული არ ხდება“, – თქვა ივიცა დაჩიჩმა.