სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააპატიმრეს
სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააპატიმრეს

სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევასთან დაკავშირებით 11 ადამიანი დააპატიმრეს.

სადგურის განახლებული სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები და მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მთავრობის კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებს.

მმართველი კოალიცია ბრალდებებს უარყოფს, პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩუჩი კი აცხადებს, რომ პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ.

სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის მინისტრები გადადგნენ, ასევე თანამდებობა დატოვა სერბეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა.

ქალაქ ნოვი-სადის პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.

პროკურატურა დაკავებულების მხოლოდ სახელების და გვარების ინიციალებს ასაჯაროებს. თუმცა, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაკავებული ტრანსპორტის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი გორან ვესიჩია. ვესიჩმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა, სადაც დაპატიმრება უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს შეხვდა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ნოვი-სადის სასამართლოს შენობასთან, უკვე მესამე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ დამნაშავეების გასამართლების მოთხოვნით. ისინი ასევე ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.

სასამართლოს შენობასთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.