სერბეთის პრეზიდენტი - სერბეთი კოსოვოსთან დაკავშირებით კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის მზადაა
სერბეთი მზად არის, კოსოვოსთან დაკავშირებით უთანხმოება კომპრომისის საფუძველზე დარეგულირდეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ქალბატონ მერკელს ვუთხარი, უფრო მნიშვნელოვანია ვემთხვიოთ ჩვენი შვილების მიწას, რომელზეც მათ უნდა გაიარონ, ვიდრე ჩვენი წინაპრების მიწას. მნიშვნელოვანია მომავალზე ფიქრი და ამის შესაბამისად, სერბეთი მზად არის კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე. სერბეთი მზად არის ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომლის შემთხვევაშიც ორივე მხარე რამეს დაკარგავს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, გერმანია მხარს უჭერს სერბეთის ევროინტეგრაციას. თუმცა, მისი თქმით, ამ მხრივ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სერბეთი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით აუცილებელ რეფორმებს გაატარებს და კოსოვოს საკითხს გადაწყვეტს.
ევროკავშირის განცხადებით, სერბეთს შეუძლია ორგანიზაციაში 2025 წლისთვის გაწევრიანდეს, თუ რეფორმების განხორციელებასთან ერთად კოსოვოსთან უთანხმოებას დაარეგულირებს.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.
ექვს თებერვალს ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის (სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კოსოვო) გაფართოების სტრატეგია გამოაქვეყნა. სტრატეგიაში მონტენეგროსა და სერბეთის ევროინტეგრაციას ცალკე თავი ეხება. კერძოდ, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირში 2025 წლისთვის
გასაწევრიანებლად.
ევროინტეგრაციის პირობად ევროკომისია პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, ასევე, მეზობლებთან ტერიტორიული დავის დარეგულირებას ასახელებს.