სერბეთის პრეზიდენტი-ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანება რეგიონში კონფლიქტების შერბილებაზეა დამოკიდებული
ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანება დამოკიდებული იქნება რეფორმებსა და რეგიონში კონფლიქტების შერბილებაზე. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ბერლინში, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, დასავლეთ ბალკანეთზე ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონის ქვეყნებს 100 წლით უკან გადაისვრის. „ჩვენ უნდა მივიღოთ რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებები, თუ 2025 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება გვსურს. ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონში დაძაბულობის, კონფლიქტებისა და დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად“ – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ანგელა მერკელმა რეგიონში სერბეთის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბელგრადი რეფორმების გატარებისთვის შეაქო.