სერბეთის პრეზიდენტი - ევროკავშირის მიერ ახალი წევრების მიღების წესის ცვლილებამ ბალკანეთის ქვეყნებს შესაძლოა, ალიანსის წევრობისკენ გზა შეუმსუბუქოს
სერბეთი უნდა დაეთანხმოს ევროკავშირის მიერ ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით შემოთავაზებულ ცვლილებებს, რომელმაც ბალკანეთის ქვეყნებისთვის შესაძლოა, ალიანსის წევრობისკენ გზა შეამსუბუქოს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, ბელგრადი შეისწავლის შეთავაზებულ რეფორმებს ევროკავშირსა და ბალკანეთის ექვს ქვეყანას შორის მაისში, ხორვატიაში დაგეგმილ სამიტამდე.
მანმადე, გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, წინადადება წამოაყენა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიეცეთ შესაძლებლობა, გადაავადონ ან უარყონ წევრების მიღების პროცესი, ან განაახლონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ზოგიერთი კუთხით. ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი კვლავ მიისწრაფვის, ბალკანეთის რეგიონის ექვსი ქვეყნის – ალბანეთის, ბოსნიის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის ალიანსში გაწევრიანებისკენ. ვარჰეის თქმით, მისი მიზანია, მანდატის ამოწურვამდე ერთ-ერთი ქვეყანა მაინც გახდეს ევროკავშირის წევრი.
რეფორმების გატარება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივაა, რომელმაც გასულ წელს ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაბლოკა და ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით ცვლილებების გატარება მოითხოვა.
ევროკომისიამ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების წესების ცვლილების ინიციატივა წარადგინა. გეგმის თანახმად, სახელმწიფოებმა, რომლებიც ევროკავშირი გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, აქტიურად უნდა განახორციელონ რეფორმები, რომლებსაც ბრიუსელთან მათ მიერ დადებული შეთანხმებები ითვალისწინებს. ამასთან, თუ რეფორმების ტემპები არადამაკმაყოფილებელი იქნება ან პროგრესი შეფერხდება, არნიშნულ ქვეყნებს სანქციები დაემუქრებათ.