სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობის დათხოვნას არ აპირებს, თუმცა ტოვებს თავისი პარტიის თავმჯდომარის პოსტს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თავისი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, თუმცა არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, რისი მოთხოვნითაც უკვე რამდენიმე კვირაა ქვეყანაში აქციები იმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ვუჩიჩმა მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
„ეს არის ბოლო საღამო, როდესაც მოგმართავთ, როგორც „სერბეთის პროგრესული პარტიის“ თავმჯდომარე. სანაცვლოდ, მე ვრჩები სერბეთის ყველა მოქალაქის პრეზიდენტად“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ამასთან, ანტისამთავრობო აქციებზე საუბრისას სერბეთის პრეზიდენტმა დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თუმცა გარდამავალი მთავრობის დანიშვნის შესაძლებლობები გამორიცხა.
„სანამ ცოცხალი ვარ, ამაზე ხელს არ მოვაწერ. ხელისუფლება აირჩევა არჩევნებზე და ხალხის ნების წყალობით“, – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მიმდინარე თვიდან დაწყებული დემონსტრაციებით მოსახლეობა ითხოვს მოქმედი პრეზიდენტისა და უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსნის გადადგომას. მომიტინგეები ვუჩიჩს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამან ქვეყანაში გამოიწვია მასობრივი სროლები, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.