სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება

ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – RTS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვუჩიჩის განმარტებით, ევროკავშირი ემბარგოს გამო, სერბეთს ერაყული ნედლი ნავთობის იმპორტი მოუწევს, რომლის ბარელი დაახლოებით 31 დოლარით ძვირია.

სერბეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება ხორვატიის ომიშის პორტში ტანკერებით ხდებოდა. ევროკავშირის სანქციები კი, რუსული ნავთობის საზღვაო გზით ტრანსპორტირებას კრძალავს.

„სანქციების შედეგად, წლიური აღრიცხვით, 600 მილიონი დოლარი აღებულია უშუალოდ სერბეთის მოქალაქეების ჯიბიდან და ხალხმა ეს უნდა იცოდეს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ვუჩიჩმა ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთის მეზობლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ბელგრადში ჩასვლის საშუალება არ მისცეს. ალექსნდრ ვუჩიჩის თქმით, სერბეთი გმობს უკრაინაში ინტერვენციას, თუმცა „რუსეთი არის სერბეთის ტრადიციული მეგობარი“.