სერბეთის პრემიერ-მინისტრი - კოსოვოში სამხედრო ინტერვენციას არ გამოვრიცხავ
სერბეთის პრემიერ-მინისტრის ანა ბრნაბიჩის თქმით, თუ კოსოვოს არმია ეყოლება, სერბეთი სამხედრო ინტერვენციას არ გამორიცხავს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კოსოვოს მთავრობა, უსაფრთხოების ძალების არმიად გარდაქმნას აპირებს. აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტი კენჭს 14 დეკემბერს უყრის.
სერბი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კოსოვო არმიას იქ მცხოვრები სერბი უმცირესობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ გამოიყენებს.
„იმედი მაქვს, რომ ძალის გამოყენება არასდროს დაგვჭირდება, თუმცა დღეს ეს ვარიანტიც განიხილება. ჩვენ არ გვინდა ეთნიკური წმენდის ხილვა“, – განაცხადა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა.
სერბეთსა და მის ყოფილ პროვინცია კოსოვოს შორის ურთიერთობები 21 ნოემბერს დაიძაბა, როდესაც პრიშტონამ სერბული პროდუქციის იმპორტზე 100%-იანი ტარიფი დააწესა. ეს გადაწყვეტილება კოსოვოში მას შემდეგ მიიღეს, რაც სერბეთმა კოსოვოს „ინტერპოლში“ გაწევრიანება დაბლოკა.