სერბეთის პარტიის, „სტუდენტური სიის“ პრესსპიკერი – ისტორიული მომენტია, ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობით

01:55, 26.10.2026

ეს ისტორიული მომენტია, ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობით, – ამის შესახებ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიის, „სტუდენტური სიის“ პრესსპიკერმა, სონია სიმონოვიჩმა არჩევნების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ზოგიერთი საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა, ზოგი კი ამჟამად იხურება. ჩვენ დავიწყეთ ხმების დათვლა და შედეგები დღეს საღამოს, მოგვიანებით გვეცოდინება. ეს ისტორიული მომენტია, ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობით. ბოლო მონაცემებით, 4 350 000-ზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა“, – განაცხადა სიმონოვიჩმა.

ცნობისთვის, არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA-ს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 40.4 პროცენტი აქვს.

მანამდე კი გავრცელდა Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.

არჩევნებში დამარცხება აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მისი თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.

მსგავსი