ალექსანდრ ვუჩიჩი – არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა
არჩევნები წავაგეთ, „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა, – ამის შესახებ „ალექსანდრ ვუჩიჩი – გაერთიანებული სერბეთის“ სიის ლიდერმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.
„საბოლოო შედეგები არ გვაქვს. მინდა, გაცნობოთ, რომ „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა. მას 135-დან 140-მდე ადგილი ექნება, ჩვენ კი დაახლოებით – 105“, – თქვა ვუჩიჩმა.
ვუჩიჩის თქმით, პარლამენტში შესვლას ასევე შეძლებენ „ვოევოდინას უნგრელების ალიანსი“, ასევე ალბანური უმცირესობისა და SDA-ს წარმომადგენლები.
„პარლამენტში „ვოევოდინას უნგრელები“ სამი ადგილით შევლენ, ხოლო „ალბანელები“ და, ვფიქრობ, SDA ერთი ადგილით. ჩვენ დაახლოებით 1 720 000 ხმა გვაქვს, „სტუდენტურ სიას“ დაახლოებით – 2 200 000“, – თქვა ვუჩიჩმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ის ქვეყნის დატოვებას აპირებს. ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ „სერბეთის პროგრესული პარტია“ გააგრძელებს ბრძოლას და აჩვენებს, თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყოფნა. ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია დარჩება ერთიანი და ძლიერი.
ცნობისთვის, ეგზიტპოლის თანახმად, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიას კი 39.3 პროცენტი აქვს.