სერბეთის პარტია „სტუდენტური სიის“ ერთ-ერთი ლიდერი – მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ არც ერთი ძალა არ არის მათ ნებაზე ძლიერი
მადლობას გიხდით ნდობისთვის, გამბედაობისა და იმის რწმენისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია, მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ არც ერთი ძალა არ არის მათ ნებაზე ძლიერი, – ამის შესახებ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტია „სტუდენტური სიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რადომირ საიჩიჩმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გამარჯვება ყველას ეკუთვნის და მას პასუხისმგებლობა ახლავს თან.
„ეს მხოლოდ შედეგებს არ ეხება, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაიჯერეს და განაგრძეს ბრძოლა. ეს არის გამარჯვება შიშზე, მადლობა ყოველი მსხვერპლისთვის და ყოველი ძალისხმევისთვის. ეს გამარჯვება არავის გამარჯვების თასი არ არის, არამედ მოქალაქეების გამარჯვებაა, მაგრამ გამარჯვება პასუხისმგებლობასაც მოითხოვს“, – თქვა საიჩიჩმა.
მისივე თქმით, არც ერთი შიში არ არის სერბების გამბედაობაზე ძლიერი და ვერცერთი ძალა ვერ შეძლებს, სამუდამოდ დაძლიოს ხალხი, რომელმაც გადაწყვიტა, ბედი საკუთარ ხელში აიღოს.
საიჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი არამხოლოდ ადგილია რუკაზე, არამედ ეს არის ხალხი, რომელსაც ცვლილებები სურდა.
„სერბეთი არ არის მხოლოდ რუკაზე არსებული ქვეყანა, სერბეთი არის ხალხი, რომელმაც აჩვენა, რომ ცვლილებები შესაძლებელია. სტუდენტებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად იმედმაც. გმადლობთ ნდობისთვის, გამბედაობისთვის და იმის რწმენისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია“, – განაცხადა საიჩიჩმა „სტუდენტური სიის – სტუდენტების გამარჯვების“ სახელით.
ცნობისთვის, არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA -ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 51.2 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 40.4 პროცენტი აქვს.
მანამდე კი გავრცელდა Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „სტუდენტური სია“ 52 პროცენტით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3 პროცენტი აქვს.
არჩევნებში დამარცხება აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მისი თქმით, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა აშკარაა, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა.