სერბეთის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ დეკემბერში გამართული არჩევნები ლეგიტიმური იყო და შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ჩატარებას არასდროს დაუშვებს
სერბეთის მთავრობის მეთაურის თქმით, დეკემბერში გამართული არჩევნები ლეგიტიმური იყო და არ გაყალბებულა. აღნიშნულის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
სერბეთის მთავრობის მეთაურმა ამგვარად უპასუხა ოპოზიციისა და ევროპარლამენტარების მოთხოვნას, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.
„არცერთი ხმა არ მოუპარავთ. ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა და ხმების მოპარვაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი“, – განაცხადა ბრანაბიჩმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შემთხვევაში „სერბეთის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კანონის ფუნქციონირება შეჩერდება“.
„როგორც ჩანს, ევროპარლამენტს ეს არ ჰყოფნის და ახლა ევროკომისიაში მიდიან, რომ იფანტაზიორონ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს გამოძიება. ოპოზიციას არა მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება და შელახვა, არამედ ეროვნული ინსტიტუტების, კანონების შეჩერება სურს“, – განაცხადა სერბეთის მთავრობის მეთაურმა.
ანა ბრნაბიჩის განცხადებით, ის არასდროს დაუშვებს არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ჩატარებას, რადგან ეს სერბეთის სუვერენიტეტის გაუქმების ტოლფასი იქნება.
„ეს შეაჩერებდა პარლამენტის, ინსტიტუტების, დემოკრატიის მუშაობას და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებაში უცხოელები მოვიდოდნენ“, – განაცხადა სერბეთის პრემიერ მინისტრმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 8 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 2023 წლის 17 დეკემბერს სერბეთში გამართული არჩევნები არასამართლიან პირობებში გაიმართა. ევროდეპუტატებმა დარღვევების გამოსავლენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვეს. არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გამარჯვება ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ მოიპოვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.