სერბეთის მმართველი პარტია ბელგრადში არჩევნების ხელახლა ჩატარებას დათანხმდა
სერბეთის მმართველი პარტია ბელგრადში არჩევნების ხელახლა ჩატარებას დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ოპოზციის საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ 17 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების უარყოფითი შეფასებების შემდეგ მიიღო.
ოპოზიცია მთავრობას არჩევნების ფალსიფიკაციაში სდებდა ბრალს და აცხადებდა, რომ კენჭისყრის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო, მოქალაქეთა ნებას არ გამოხატავს.
28 თებერვალს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ სერბეთში შარშან ჩატარებულ არჩევნებზე დემოკრატიული სტანდარტების არაერთი დარღვევა გამოვლინდა. კერძოდ, მმართველ პარტიას უსამართლო უპირატესობა ჰქონდა მედიასაშუალებებში და ასევე არამიზნობრივად იყო გამოყენებული საზოგადოებრივი ფონდები. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე არ იყო საუბარი, ბელგრადის მერმა, ალექსანდრ შაპიჩმა 2 მარტს განაცხადა, რომ მის პარტიას ახალი არჩევნების გამართვის არ ეშინია და მზადაა, ხელახალი კენჭისყრა ჩაატაროს, რათა სრული ლეგიტიმაცია მოიპოვოს.
მანამდე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ეუთო-ს დამკვირვებელთა დასკვნა გასათვალისწინებელია და ბელგრადში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ოპოზიციამ მთავრობის გადაწყვეტილება ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა.