სერბეთის ენერგეტიკის მინისტრი - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, რათა დავჯავშნოთ გაზის მოცულობები, მომავალ წელს დასრულდება სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება
სერბეთი, რომელიც მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, 2023 წელს ბუნებრივი აირის შეძენას აზერბაიჯანისგან გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით წერს. მინისტრ ზორანა მიჰაილოვიჩის განცხადებით, მომავალ წელს დასრულდება სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება.
„ჩვენ ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, რომ დავჯავშნოთ გაზის მოცულობები მომავალი წლისთვის, რადგან სერბეთისა და ბულგარეთის მილსადენების დაკავშირება დასრულდება მომავალ წელს სექტემბერში“, – განაცხადა სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიჰაილოვიჩმა.
გასულ კვირას საბერძნეთმა და ბულგარეთმა დაასრულეს დიდი ხნით გადავადებული პროექტი, გაზის მილსადენის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ჩრდილოეთ საბერძნეთიდან ბულგარეთში ტრანსპორტირებას. სერბეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, როდესაც ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება, სერბეთი ასევე შეძლებს ბუნებრივი აირის საბერძნეთიდან მიღებას.
„ეს დამაკავშირებელი მილსადენი ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეს არის ყველზე მნიშვნელოვანი, რასაც სერბეთი ამჟამად აკეთებს, როდესაც ვსაუბრობთ გაზის წყაროების დივერსიფიცირებაზე“, – განაცხადა ზორანა მიჰაილოვოჩმა.