სერბეთი, რუმინეთი, კვიპროსი და ესპანეთი ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ბოიკოტს გეგმავენ
სერბეთი, რუმინეთი, კვიპროსი და ესპანეთი  ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ბოიკოტს გეგმავენ

ოთხი ევროპული ქვეყანა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის ბოიკოტს გეგმავს. ამის შესახებ ბულგარული სააგენტო Novinite წერს. მედიასაშუალების ცნობით, ეს ქვეყნებია სერბეთი, რუმინეთი, კვიპროსი და ესპანეთი. ბოიკოტის მიზეზია ის, რომ ამ ქვეყნებს კოსოვოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ სურთ.

ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტი 17 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაშია დაგეგმილი.

ბელგრადმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ კოსოვოსთან ერთად სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა აღნიშნა, დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე კოსოვოს მიწვევა „პოლიტიკური ნონსენსია“.

„კოსოვოს როგორც ქვეყანას, თეორიულადაც არ შეუძლია ამ ფორუმზე მონაწილეობა“, – განაცხადა სერბეთის პრემიერმა.

სერბეთის გარდა, სამიტის ბოიკოტს გეგმავენ რუმინეთი, კვიპროსი და ესპანეთი, რომლებიც ასევე არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.

თებერვალში ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის (სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კოსოვო) გაფართოების სტრატეგია გამოაქვეყნა.

სტრატეგიაში მონტენეგროსა და სერბეთის ევროინტეგრაციას ცალკე თავი ეხება. კერძოდ, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირში 2025 წლისთვის გასაწევრიანებლად. ევროინტეგრაციის პირობად ევროკომისია პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, ასევე, მეზობლებთან ტერიტორიული დავის დარეგულირებას ასახელებს.