სერბეთი ისრაელის საელჩოსთან თავდასხმის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის
სერბეთი ისრაელის საელჩოსთან მომხდარი თავდასხმის შემდეგ ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის. განცხადება სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა გააკეთა.
დაჩიჩმა დაადასტურა, რომ ისრაელის საელჩოზე თავდასხმა ტერორისტულ თავდასხმად გადაკვალიფიცირდა.
„ინსტრუქციებით, მოქმედი წესებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტრუქციებით, მას შემდეგ, რაც მოხდა ეს ტერორისტული აქტი – მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ოფიციალურად უწოდა მას ტერაქტი – როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გამოვაცხადე წითელი დონე“, – განაცხადა სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
სერბეთში ტერორისტული საფრთხის მზარდი დონის გამო საელჩოებსა და სამთავრობო დაწესებულებებთან გაიზრდება სამართალდამცველების რაოდენობა, ასევე გაძლიერდება უსაფრთხების ზომები ხალხმრავალ ადგილებში.
ცნობისთვის, ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საპასუხოდ, სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციელი კისრის არეში დაიჭრა, თავდამსხმელი კი დაიღუპა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი კი დაკავებულია.