სერბეთი და კოსოვო ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ
სერბეთი და კოსოვო ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებას „დიდი მიღწევა“ უწოდა.
თავის მხრივ, როგორც სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის ჯერ კიდევ ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ეს შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ავდულა ჰოტის განცხადებით, ეკონომიკური ურთიერთოების ნორმალიზების შეთანხმებამ შედეგად უნდა გამოიღოს ურთიერთაღიარება.
„სერბეთმა და კოსოვომ აიღეს ეკონომიკური ნორმალიზების ვალდებულება, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდაზე ფოკუსირებით. ორმა ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ მხარეებმა სერბეთსა და კოსოვოს შორის დონალდ ტრამპის მრჩევლების მონაწილეობით ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე – რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.