სერბეთ-კოსოვოს დაძაბულობის ფონზე, კოსოვოს ადმინისტრაციამ ეთნიკურად სერბი ყოფილი პოლიციელი პატიმრობიდან გაათავისუფლა და შინაპატიმრობაში გადაიყვანა
სერბეთ-კოსოვოს დაძაბულობის ფონზე, კოსოვოს ადმინისტრაციამ ეთნიკურად სერბი ყოფილი პოლიციელი დეიან პანტიჩი პატიმრობიდან გაათავისუფლა და შინაპატიმრობაში გადაიყვანა.
კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების მიერ გზების ბლოკირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ყოფილი პოლიციელის დაპატიმრება იყო.
კოსოვომ პოლიციელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა.
პარალელურად, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ ბარიკადების ასაღებად ნატო-ს ძალების მოქმედების დრო სწრაფად იწურება. ბოლო ესკალაცია კოსოვოში მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბებმა ჩრდილოეთის ოთხი მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტებში კოსოვოს პოლიცია შევიდა. ამ ფონზე, კოსოვოს სერბებმა ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნის ჩრდილოეთით ბარიკადების აღმართვა დაიწყეს.