საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციებს უმასპინძლებს
საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციებს უმასპინძლებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და EBRD-ს შორის ოთხწლიანი თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში არსებული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საუბარი ასევე შეეხო მთავრობის გარემოსდაცვით, ე.წ. „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიას და ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით EBRD-ის მხარდაჭერას.

როგორც ცნობილია, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2018-2019 წლებში ბანკის მხარდაჭერით მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სექტემბერში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების მნიშვნელობას.

ამასთან, უწყების ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორების ვიზიტი საქართველოში ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ვიზიტის მიზანია, საქართველოში EBRD-ის დაფინანსებით განხორციელებული, ასევე, სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა.

სექტემბერში, თბილისში, ასევე, იგეგმება EBRD-ის ჯგუფის (Constituency Meeting) შეხვედრის ჩატარება, რომელშიც გაერთიანებულია საქართველო. (ჯგუფში საქართველოსთან ერთად, გაწევრიანებულები არიან უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ხორვატია).

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. ამ პერიოდიდან ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში, დაახლოებით, 3.0 მილიარდი ევრო შეადგინა.