სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 28.7 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7 პროცენტით ანუ 43.0 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7 პროცენტი იმ 19 უმსხვილეს ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6 პროცენტი მოდიოდა.
გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 35,13 მლნ აშშ დოლარი მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე, 29,21 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, შემდეგ მოდის აშშ – 22,65 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე 21,45 მლნ აშშ დოლარით საბერძნეთია, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 13,98 მლნ აშშ დოლარით.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4 პროცენტით მეტია.