სენსაციური დასაწყისი - ჩემპიონთა ლიგაზე „ტორპედომ" „შერიფი" დაამარცხა [ვიდეო]
ქუთაისის “ტორპედომ” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე მატჩში ტირასპოლის “შერიფს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მოლდოვის ჩემპიონმა გახსნა, რომელიც გასულ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე გახლდათ. ქუთაისელი მცველების შეცდომით ზიგი ბადიბანგამ ისარგებლა 0:1.
“ტორპედომ” წონასწორობა 10 წუთში აღადგინა. “შერიფის” მცველს შეცდომა გიორგი ქიმაძემ არ აპატია და წონასწორობა აღადგინა 1:1. ის მატჩის გმირი გახდა, რადგან 63–ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ უნაკლოდ გამოიყენა და საქართველოს ჩემპიონმა 2:1 მოიგო.
ასეთი დონის გუნდთან საქართველოს წარმომადგენლებს დიდი ხანია აღარ მოუგიათ და განმეორებით შეხვედრამდე, რომელიც ტირასპოლში 18 ივლისს გაიმართება, “ტორპედოს” მეორე ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უეფა-ს რეიტინგში ჩვენმა ჩემპიონმა სასურველი ქულები მოგვიპოვა.