სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სავარაუდოდ 21 იანვარს დაიწყება
აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სავარაუდოდ 21 იანვარს დაიწყება. ამის შესახებ განცხადება სენატში უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელიმ გააკეთა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას საბოლოოდ დაამტკიცებენ და დოკუმენტს სენატში გადაგზავნიან. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ამ საკითხზე კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში 15 იანვარს გაიმართება.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის 2020 წელს დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.
გარდა ამისა, დემოკრატები ტრამპს იმპიჩმენტის პროცესში კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
დეკემბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დემოკრატიულ პარტიას უმრავლესობა აქვს, ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
თავად ტრამპი ბრალდებას უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს „პოლიტიკურად მოტივირებულ კუდიანებზე ნადირობას უწოდებს.“ როგორც ვარაუდობენ, სენატი, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპს გაამართლებს.