სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.
„ის, რაც გუშინ აშშ-ის კაპიტოლიუმში მოხდა, იყო პრეზიდენტის მიერ პროვოცირებული აჯანყება აშშ-ის წინააღმდეგ. ეს პრეზიდენტი არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე აღარც ერთი დღით,” – ნათქვამია სენატორ ჩაკ შუმერის განცხადებაში.
შუმერი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კონსტიტუციის 25-ე შესწორება უნდა აამოქმედოს, რომელიც პრეზიდენტისგან უფლებამოსილების გადაცემას ვიცე-პრეზიდენტისთვის ითვალისწინებს.
ჩაკ შუმერის განცხადებით, თუ ვიცე-პრეზიდენტი და კაბინეტი უარს იტყვიან აღნიშნულ ინიციატივაზე, კონგრესი კვლავ უნდა შეიკრიბოს, რათა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადოს.
მაიკ პენსს 25-ე შესწორების ამოქმედების შესახებ წერილით მიმართეს ასევე წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის დემოკრატმა კონგრესმენებმა.
25-ე შესწორების ამოქმედებას რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერიც ითხოვს.