ამერიკელი სენატორი არკანზასიდან ტომ კოტონო აცხადებს, რომ ანარქია, არეულობა და ძარცვა აშშ-ის ქალაქებში უნდა შეწყდეს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„თუ ადგილობრივ სამართალდამცველებს მხარდაჭერა სჭირდებათ, მოდი ვნახოთ, რამდენად მაგრები არიან „ანტიფას“ ტერორისტები, როდესაც მათ 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია დაუპირისპირდება. ჩვენ გვჭირდება ნულოვანი ტოლერანტობა დესტრუქციული ქმედებების მიმართ“, – წერს სენატორი.
31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანენ.
ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მინეაპოლისში პოლიციელის მიერ ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები მოგვიანებით რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს და ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი „ანტიფაა“.
„ანტიფა“ მემარცხენე ანტიფაშისტური მოძრაობაა, რომელმაც პოპულარობა 2017 წლის აპრილში, ქალაქ შარლოტსვილში ულტრამემარჯვენეთა მიერ გამართული აქციების შემდეგ მოიპოვა. „ანტიფას“ წევრები ულტრამემარჯვენეებს და თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე ჯგუფებს უპირისპირდებიან.