სენატორი მით რომნი - არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ პროკურორის ქმედებები ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისადმი
რესპუბლიკელი სენატორის, მით რომნის განცხადებით, ნიუ იორკის პროკურატურის გადამეტებული ქმედებები საშიშ პრეცედენტს ქმნის პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზაციისთვის და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი. ეს განცხადება რესპუბლიკელმა სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპს ბრალი 34 პუნქტით წაუყენეს.
როგორც რომნი აცხადებს, მას კვლავაც მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი არ არის შესაფერისი პრეზიდენტობისთვის, თუმცა ამასთან, ის აკრიტიკებს მანჰეტენის საოლქო პროკურორს, რომელმაც, სენატორის მოსაზრებით, კანონი პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო.
„არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტები, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. პროკურორის გადამეტებული ქმედებები ქმნის საშიშ პრეცედენტს პოლიტიკური ოპონენტების კრიმინალიზაციისთვის და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისადმი“, – განაცხადა მით რომნიმ.
პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრალდებულია ბიზნესდოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაში. კერძოდ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა დაემალა ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის 2016 წელს.