სენატორი მიჩ მაკკონელი - იმედი მაქვს, თბილისში ძალაუფლების მქონე პირები ქვეყნის სუვერენიტეტს მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და გაიწვევენ „რუსულ კანონს“ პარლამენტიდან
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი მიჩ მაკკონელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მაკკონელმა სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისთვის საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და არყევს დემოკრატიულ ფუნდამენტებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას აღმოფხვრის.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია დიდია, ის ქრონიკულად არის გაყოფილი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ. პარტიების უსუსური ლიდერების მიუხედავად, ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად. მათი თვითგამორკვევისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლების სურვილი აშკარაა. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ. მათ სჯერათ, რომ თუ მტკიცედ დამკვიდრდებიან დასავლეთში, დემოკრატიულ ერებთან, სადაც კანონის უზენაესობა ჭარბობს, ეს მათ საუკეთესო ინტერესშია. ის, თუ საით წავა საქართველო, დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ისეთი თავისუფალი ადამიანების გვერდით დგომა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როგორებიც არიან პუტინი და სი ძინ პინი, ჩვენს ინტერესებშია. ეს ეხება ტაივანსა თუ უკრაინას, ესტონეთსა თუ იაპონიას. ასეა საქართველოსთვისაც. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ თაავად შექმნან საკუთარი მომავალი და არა იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებენ მათ მოსკოვისთვის ხელსაყრელი პარტიის ხელმძღვანელები. და რატომ არიან რუსები შეპყრობილები საქართველოს მომავალის კონტროლით? ეს უფრო მეტია, ვიდრე პუტინის ნეოიმპერიალისტური ფანტაზიით მოქმედება“, – აღნიშნა მაკკონელმა.
მისი თქმით, საქართველო არის გასაღები კრიტიკული რესურსების ტრანზიტისთვის.
„გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ათასწლეულების განმავლობაში საქართველო და მისი შავი ზღვის სანაპირო ცივილიზებული მსოფლიოს გზაჯვარედინზე იდგა. ის არის გასაღები კრიტიკული რესურსების ტრანზიტისთვის და დღეს, სომხეთთან ერთად, სასურველ სახმელეთო ხიდს წარმოადგენს, რომელიც ავტორიტარ პარტნიორებს აკავშირებს მოსკოვსა და თეირანში. ქართველ ხალხს კონფლიქტებისა და დაპყრობების დიდი ისტორია აქვს. მათ გამძლეობის ხანგრძლივი ტრადიცია და მდიდარი კულტურა აქვთ, რომლითაც უნდა იამაყონ. მათ იციან, რომ არსებობს განსხვავება რუსეთისკენ მიბრუნებასა და დასავლეთისკენ მიბრუნებას შორის. ასე რომ, დასავლეთის მასშტაბით საქართველოს მეგობრებო, მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი კიდევ უფრო იამაყებენ. მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა მათ გვერდით დაატოვებინებს წვრილმან უთანხმოებებს და გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მომენტი საქართველოს მმართველი პარტიისთვის, რომ მიხვდეს, თუ რა ფასი აქვს ხალხის სურვილის დაიგნორებას იმის გამო, რომ პუტინის ახირება შეასრულო, და შეაჩერონ დასავლეთთან ურთიერთობის მსხვრევა. იმედი მაქვს, რომ თბილისში ძალაუფლების მქონე პირები ქვეყნის სუვერენიტეტს მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და გაიწვევენ „რუსულ კანონს“ პარლამენტიდან“, – განაცხადა მაკკონელმა.