სენატორი მარკ კელი - კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ, შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა
კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ, შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ „სიებისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მარკ კელიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მოულოდნელი შეტევა კურსკის რეგიონში ვლადიმერ პუტინისთვის შოკის მომგვრელი იყო.
„130 ათასი რუსი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უკრაინელებმა გააკეთეს რაღაც არაპროგნოზირებადი, რამაც შეიძლება, რეალურად შეცვალოს ამ კონფლიქტის მიმდინარეობა. უკრაინელებს ვლადიმერ პუტინი უკანონოდ დაესხა თავს, მიზანმიმართულად კლავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. აი, ეს იყო უკანონო შეჭრა. არ მგონია, რომ უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიის დიდი ხნის განმავლობაში დაკავება სურდეთ, მაგრამ ეს ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო პუტინისთვის“, – განაცხადა მარკ კელიმ.
რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების შესახებ დასმულ კითხვაზე კელიმ უპასუხა, რომ წინააღმდეგი არ არის.
ამასთან, ამერიკელი სენატორის თქმით, უკრაინის ოპერაციამ რუსებს უნდა ასწავლოს, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის ისეთი უბადლო, როგორც ამას თვითონ ამბობს.
„ის ყოველთვის ცდილობდა, დაეხასიათებინა საკუთარი თავი, როგორც ადამიანი, რომელიც აპირებს რუსეთის დაცვას. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეები ხედავენ იმ ყველაფრის შედეგებს, რაც პუტინმა გააკეთა უკრაინაში, ხედავენ, რომ ახლა ისინი გარკვეულწილად რისკის ქვეშ არიან“, – განაცხადა სენატორმა მარკ კელიმ.