სენატორი ლინდსი გრემი - აშშ-ის პრეზიდენტს სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციის გაგრძელება სურს
აშშ-ის პრეზიდენტს სურს სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციის გაგრძელება და ქურთების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა, ლინდსი გრემმა, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სენატორ გრემის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი სირიის საკითხზე სიღრმისეულად ფიქრობს, თუ როგორ გამოიყვანოს ჯარები და ამავდროულად დაიცვას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები.
ამერიკელი სენატორის განცხადებით, პრობლემატური საკითხია სირიელი ქურთების უსაფრთხოებაც და დონალდ ტრამპი შეეცდება დაარწმუნოს თურქეთის ხელისუფლება, რომ მას ბუფერული ზონა ექნება.
„ვიზიარებ ტრამპის ამოცანას, რომ სირიიდან გამოვიდეს. მსურს, რომ ეს გონიერი გზით მოხდეს და ირანი გამარჯვებული არ გამოვიდეს. ჩვენი ამოცანაა ასევე, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო აღარასდროს დაბრუნდეს“, – აღნიშნა სენატორმა ლინდსი გრემმა.