სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართველი ხალხის აქტს“ მხარდამჭერები დაემატნენ
სენატორ ჯინ შაჰინის ცნობით, სენატში დარეგისტრირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, „ქართველი ხალხის აქტს“ 10 მხარდამჭერი სენატორი დაემატა.
კერძოდ, კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს სენატორებმა: ტომ ტილისმა, მიტ რომნიმ, ჯეფ მერკლიმ, ჯონ კორნინმა, კრის მერფიმ, დენ სალივანმა, ანგუს კინგმა, ტოდ იანგმა, შელდონ უაითჰაუსმა და ჯორჯ ჰელმიმ.
„მოხარული ვარ, რომ სენატში ჩემი კოლეგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა „ქართველი ხალხის აქტს“ და გააცნობიერა, რომ საქართველოში არსებული ვითარების გადადება არ შეიძლება. ერთად ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის მყარი ორპარტიული მხარდაჭერა, უცვლელი დარჩება ჩვენი პოზიცია საქართველოს მიმართ და მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, მიუხედავად იმისა, რომელი პარტია აკონტროლებს ვაშინგტონს“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ამასთან, სენატორ ჯიმ რიშის თქმით, აშშ ერთიანია ქართველი ხალხის მხარდაჭერაში.
„ეს კანონპროექტი კონგრესიდან მკაფიო გზავნილს გზავნის, რომ აშშ ერთიანია ქართველი ხალხის მხარდაჭერაში მათი ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში მომავლის ძიებაში. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციისკენ და მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს მათ შესაძლებლობას, მიაღწიონ ამას“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 25 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო, თუმცა კონკრეტული თარიღი არ იყო დასახელებული. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა.
ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და წევრებისთვის. დოკუმენტი მოიცავს ახალ სანქციებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, ამავდროულად, „კანონპროექტი განამტკიცებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი“.