სენატორებმა დონალდ ტრამპს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს
ამერიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება აიდაჰოს შტატის სენატორმა, ჯეიმს რიშმა და ნიუ ჯერსის სენატორმა, რობერტ მენენდესმა გაავრცელეს.
„ჩვენ მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ რუსეთის მიერ საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საკითხი, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, საჭიროა თუ არა, რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციების დაწესება“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
სენატორები აღნიშნავენ, რომ რუსი ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოყენებული ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“, ასევე ფიგურირებდა ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეშიც.
„აშშ-მა კვლავ უნდა დაანახოს რუსეთს, რომ მსგავსი მოქმედება მიუღებელია“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს თვითმფრინავში გახდა შეუძლოდ. თავდაპირველად პოლიტიკოსი ომსკში იყო ჰოსპიტალიზებული. 22 აგვისტოს კი, ის ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავალნი ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ ტიპის შხამით მოწამლეს. ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ ლაბორატორიები შვედეთსა და საფრანგეთშიც. მოსკოვი მომხდართან კავშირს უარყოფს.