სენატი და თეთრი სახლი აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატი და თეთრი სახლი აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირებისთვის გათვალისწინებული 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.
„როგორც იქნა, ჩვენ შეთანხმება გვაქვს“, – განაცხადა მაკკონელმა.
ფინანსური პაკეტი ჯერ კონგრესის ორივე პალატამ – სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოაცხადა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, იმედოვნებს, რომ აშშ-ში ბიზნესი მუშაობას აღდგომისთვის, ანუ 12 აპრილისთვის განაახლებს.