სენაკის თეატრის რეაბილიტირებულ შენობაში დღეს 140-ე სეზონი გაიხსნება
22 ივლისს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებულ შენობაში 140-ე საიუბილეო სეზონი იხსნება.
თეატრი, რამდენიმე დღის განმავლობაში, რეგიონული თეატრების VII საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
სენაკის მერიის ინფორმაციით, 22-24 ივლისს სენაკის თეატრის სცენაზე ითამაშებენ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასები.
„არქიტექტორ ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის პროექტით 1953-59 წლებში აშენებული ულამაზესი თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტია, სენაკის კულტურული ცხოვრების ჭეშმარიტი კერა იყო. თეატრის რეკონსტრუქცია „ქართუ“ ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა. ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა. დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები. თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა“, – აღნიშნავენ სენაკის მერიაში.