სენაკის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. პრესსამსახურის ცნობით, სკოლის ერთ პედაგოგსა და ორ მოსწავლეს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი რუხის კლინიკაში მკურნალობენ.
სკოლაში გუშინ 150 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, მათი პასუხები დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ამ დროისთვის იქ 59 პაციენტია, მათ შორის 45 კოვიდინფიცირებული. გუშინ კლინიკა დატოვა 18-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.
„კლინიკაში შემოიყვანეს ოთხი ახალი „კოვიდ“-დადასტურებული პირი, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ.
რეგიონის მასშტაბით, გუშინ კორონავირუსზე 437 ნიმუში გაიტესტა, აქედან „კოვიდ-19“ რვა პირს დაუდასტურდა, მათ შორის სამი იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან. ორი პაციენტია აბაშიდან, რომლებსაც „პისიარ“-ტესტი ბათუმში ჩაუტარდათ.