სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი საბა ოდიშარია აირჩიეს
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. თავმჯდომარე პარტია „ქართული ოცნების“ წევრი საბა ოდიშარია გახდა, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.
საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თუმცა როგორც თვითონ აცხადებენ, შემდგომ სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ.
ახალი მოცემულობით, „ქართულ ოცნებას“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა – 17 წევრი ჰყავს.
როგორც ცნობილია, საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა სწორედ საბა ოდიშარიას მისცა ხმა.
ამასთან, დღესვე აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, კომიტეტებს და კომისიის წევრებს. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 33 წევრია. ბოლო მაჟორიტარული არჩევნების შემდეგ უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ჰყავს.
„დასრულდა თითქმის ერთწლიანი კრიზისი სენაკის საკრებულოში. დღეიდან საკრებულო სრულფასოვნად იმუშავებს“, – განაცხადა საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ.