სემეკში დღეს, 12:00 საათზე საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ასევე აჭარის რეგიონის ელექტროენერგიის საიმედო მომარაგების საკითხებზე იმსჯელებენ.
კომისიის სხდომაზე ლილო-ორხევი-ვაზიანი-სართიჭალის კვანძში, აბონენტების ელექტროენერგიით საიმედო მომარაგების, ასევე ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საკითხებს განიხილავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიაში სამუშაო შეხვედრა 21 აგვისტოს გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, წევრები და ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მსჯელობა იქნება ხვალ. ზეპირი მოსმენა გაიმართება. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ლილო-ორხევი-ვაზიანი-სართიჭალის კვანძში ელექტროენერგიით საიმედო მომარაგებისა და თავისუფალი მისაერთებელი სიმძლავრეების დეფიციტის აღმოფხვრის შესახებ. სამუშაო შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ელექტროენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანიებითა და სხვადასხვა უწყებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ლილო-ორხევი–ვაზიანი–სართიჭალის ზონის ელექტრომომარაგებასა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საკითხებთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმას“ – განუცხადეს პირველ არხს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში.