სემეკი - ენერგოკომპანიები მომდევნო წლებში ჯამურად მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ
სემეკი - ენერგოკომპანიები მომდევნო წლებში ჯამურად მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ

სემეკ-მა ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებისა (სისტემის ოპერატორების) და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეათანხმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება, მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობისა და საიმედოობის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების გაუმჯობესებას, ელექტროენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციას.

კომპანიები მომდევნო წლებში ჯამურად 1,261,585,389 ლარს განახორციელებენ.

„კერძოდ, სს „თელასი“ 2021-2025 წლებში სულ 87,358,462 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – 424,693,211 მილიონ ლარს. გამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, საკაბელო მეურნეობების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების მშენებლობას, რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას, რაც აუცილებელია მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სულ 464,199,775 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. სემეკ-თან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად განხორციელდება შემდეგი პროექტები: ორჯაჭვა 220 კვ ეგხ „ოდიში 1,2“ (ჯვარი-ხორგა 60 სმ სიგრძის ხაზი, ორჯაჭვა 220 კვ ეგხ შუახევი-ახალციხე, 90 კმ სიგრძის ხაზი, 500 კვ ეგხ ლაჯანური-წყალტუბო, 220/110 კვ ქ/ს „ოზურგეთი“ დაა.შ.

ელექტრონერგიის წარმოების ლიცენზიატებისგეგმების მიხედვით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ (რიონჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი) 2020-2022 წლების საინვესტიციო მოცულობა 112,195,987 ლარს შეადგენს. კერძოდ, 2020 წელს ფაქტობრივი მონაცემებით განხორციელდა 6,699,049 ლარის ინვესტიცია, 2021 წელს განხორციელდება 64,203,260 ლარის, ხოლო 2023 წელს – 41,293,676 ლარის ინვესტიცია. სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, გეგმის ფარგლებში გენერაციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. შპს „ენგურჰესის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ ლარამდეა. სემეკ-თან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაზე. შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12,800,00 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს ჰიდროაგრეგატების და ტრანსფორმატორების შეცვლა-განახლებას . შპს „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული „ჟინვალჰესის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო გეგმა 10,337,954 ლარია. საინვესტიციო პროექტებით განსაზღვრულია როგორც ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია, ისე ჰიდროაგრეგატების კაპიტალური შეკეთება, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ძალოვანი დანადგარების შეცვლა-განახლება“, – ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი