სემეკ-მა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა
სემეკ-მა საჯარო სხდომაზე შპს „თელმიკოს“, სს „თელასის“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაჯარიმების საკითხი განიხილა. სემეკ-ის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, სს „თელასი“ 50 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების მიზეზი თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები გახდა.
სემეკ-ს საჩივრით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკ-ში წარმოებული მოკვლევის შედეგად.
დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.
დღევანდელ სხდომაზე ასევე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 75 000 ლარით დაჯარიმდა.
დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა გახდა. როგორც სხდომაზე განაცხადეს.
სემეკ-ში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამოდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა.